Meydan TV-ის არხი YouTube-ზე შესაძლოა წაიშალოს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალების დირექტორი ემინ მილი Facebook-ზე წერს.

მილის ცნობით, იუთუბმა დღეს, 8 იანვარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა, კომპანია სოკარის და აზერბაიჯანში პოლიციის სისასტიკის შესახებ მეიდან ტვ-ის ოთხი კრიტიკული ვიდეო წაშალა. მედიასაშუალების იუთუბის არხს სამუდამო გაქრობისგან კი ერთი ნაბიჯი აშორებს. მისივე ინფორმაციით, იუთუბმა მედიან ტვ-ს ვიდეოები MUSE NETWORK-E-ს მოთხოვნით წაშალა, რომელმაც მეიდან ტვ-ის ვიდეოები დაარეპორტა:

"ზოგი ვიდეო, რომელიც წაიშალა, სრულიად ჩვენი პროდუქტია. იუთუბი არ ხსნის, კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა, რომელი აუდიო, ვიდეო თუ ფოტო მასალა იყო გამოყენებული სხვა წყაროებისგან. მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან გამოყენებული ვიდეოების უმრავლესობა ან ექსკლუზიურად ჩვენი პროდუქტია (ხმა, ვიდეო, ფოტო), სხვა შემთხვევაში კი საავტორო უფლებები დაცულია. არ არსებობს მიზეზი, რატომაც, ყოველგვარი განმარტების გარეშე, ნებისმიერი სხვა ვიდეოს დაბლოკვა და ჩვენი არხის სამუდამოდ წაშლა არ შეუძლიათ. იუთუბის გადაწყვეტილებები არალოგიკურია."

ემინ მილი წერს, რომ თავისუფალ მედიასაშუალებებზე თავდასხმისთვის, სავარაუდოდ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე კომპანია დაიქირავა:

"მეტიც, მათ შესაძლოა, მოისყიდეს ან ზეგავლენა იქონიეს ადამიანზე, რომელიც იუთუბში მუშაობს. შესაძლოა, იმ აზერბაიჯანელებსაც დაემუქრნენ, რომლებიც იუთუბში მუშაობენ, რომ დამორჩილებოდნენ ინსტრუქციებს და მეიდან ტვ-ის ვიდეოები წაეშალათ."

როგორც მილი წერს, ის იუთუბისგან შიდა გამოძიებას მოითხოვს, რათა დადგინდეს, რა ხდება კომპანიაში.

მეიდან ტვ გერმანიაში დაფუძნებული აზერბაიჯანულენოვანი მედიასაშუალებაა, სადაც, ძირითადად, ხელისუფლებისგან რეპრესირებული ადამიანი მუშაობენ.