რაიან მერფი FX-ის პოპულარული სერიალის, American Horror Story-ის მერვე სეზონისთვის ემზადება.

როგორც შოუს შემქმნელმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაამხილა, ახალი ნაწილის სიუჟეტი მომავალში განვითარდება და მოგვიყვება იმ სააფრთხეებისა თუ შიშების შესახებ, რომლებიც მომავლის ადამიანებს ექნებათ.

მერფი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისტორია 10 ან 20 წლის შემდეგ განვითარდება.

"ამ თემებს ახლა ვამუშავებ გუნდთან ერთად, თუმცა ვფიქრობ, რომ საინტერესო გამოვა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომავლის თემაზე არასდროს მიმუშავია და თუ რაც თავში მიტრიალებს ყველაფერი გამოვა, ხალხს მერვე სეზონი ძალიან მოეწონება. ეს იქნება ყველა წინა სეზონისგან განსხვავებული ნაწილი", - უთხრა მერფიმ ჟურნალისტებს და ისიც დასძინა, რომ არავითარ შემთხვევაში მოქმედება კოსმოსში არ განვითარდება.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ დაბრუნდებოდა თუ არა ჯესიკა ლენგი შოუში.

"ჯესიკასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, თუმცა ვერ გეტყვით გადაწყვეტს თუ არა სერიალში დაბრუნებას. მე ვცდილობ მას შევთავაზო ის, რაც თავად მოსწონს. ამ თემაზე მასთან აუცილებლად მექნება საუბარი, მას შემდეგ, რაც თავად ჩამოვყალიბდები. ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, თუმცა ჩვენ ერთად მუშაობას ვაგრძელებთ", - ამბობს რაიან მერფი.

ჯერ-ჯრობით American Horror Story-ის მერვე სეზონთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.