საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და თსუ-ის რექტორს განმარტებას სთხოვს, რა სამართლებრივი საფუძვლით მუშაობენ სასაწავლო დაწესებულებაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.

TI-ის მიაჩნია, რომ პარლამენტი უნდა დაინტერესდეს, 2015 წლის რეფორმის შემდეგ რამდენი "ოდეერი" გაათავისუფლეს სხვადასხვა დაწესებულებიდან, ასევე უსაფრთხოების რამდენი თანამშრომელი და რომელ დაწესებულებაშია დარჩენილი. ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საბოლოოდ უარი თქვას "ოდეერის" მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

დღეს, 10 მარტს, თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ სტუდენტების შეკითხვას, თსუ-ის თანამშრომელი ივა კავსაძე არის თუ არა "ოდეერი", ასე უპასუხა:

"რას ცვლის ეს კი ანა არა ? კი, მერე რა?".

"ოდეერის ინსტიტუტი ქვეყანაში არსებობის და მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ, რომ ასეთი სისტემა არსებობს. მე ეს სისტემა დამხვდა, შემდეგ მოხდა საკადრო ჩანაცვლება. დადგა დრო, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ამ სისტემისგან", - თქვა პაპავამ.

უნივერსიტეტში "ოდეერების" არსებობის შესახებ თსუ-ის სტუდენტმა, ირაკლი კუპრაძემ თავისი Facebook სტატუსის მეშვეობით განაცხადა. მან დაწერა, რომ ივა კავსაძე "ოდეერი" და თსუ-ის კანცლერობის კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის მეგობარია:

"უნივერსიტეტის მაღალი თანამდებობის პირები დაშინებულები არიან და მხოლოდ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ივა კავსაძე 2012 წელს საბაჟოზე გლობალ TV-ის აპარატურის შემოტანის დროს დააკავეს, როდესაც მან აპარატურა გამიზნულად დააზიანა. ამის შემდეგ ის თსუ-ში "ოდეერად" აღმოჩნდა".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნივერსიტეტში "ოდეერების" არსებობა უარყო და განაცხადა, რომ უსაფრთხოების თანამშრომლები მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ 25 სუბიექტში არიან, ხოლო ამ სუბიექტებს შორის თსუ არ ირიცხება.

დღეს, 10 მარტს, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სენატს გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი, სტუდენტების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

7 მარტს თსუ-ს სტუდენტებმა რექტორს აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრა მოსთხოვეს, რადგან მიაჩნიათ, რომ გიორგი გაფრინდაშვილი უღირსი ადამიანია და მისი კანცლერობის კანდიდატად არდგენა დაუშვებელია. მათი თქმით, ის არის ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც სტუდენტებზე ფიზიკურად ძალადობდა.

თსუ-ის რექტორმა სტუდენტების პროტესტსა და მოთხოვნებს, აკადემიური საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ დანიშვნით უპასუხა, სადაც სტუდენტებმა მას სთხოვეს, მოუწოდოს გაფრინდაშვილს მოხსნას კანდიდატურა კანცლერის პოსტიდან.

საბოლოოდ, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აკადემიური საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავდა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას.