ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ენგურჰესის კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესების შესახებ შეთანხმებას დღეს, 5 დეკემბერს, ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

"დღევანდელი ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. ენგურჰესს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პროექტს 2018-2021 წლებში, სახელმწიფოს კუთვნილი კომპანია, შპს ენგურჰესი განახორციელებს.

2017 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის საქართველოს გრანტის სახით 7 მილიონი ევრო გამოუყო. EBRD-ის მიერ ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით კი 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

გადასახედი მოედნები, საბაგირო გზა, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრი და მუზეუმები, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლიფტი კაშხალზე [280 მეტრი] და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქცია - ეს ის ტურისტული ინფრასტრუქტურაა, რომლის მოწყობაც, კონცეფციის თანახმად, კაშხლის ტერიტორიაზე იგეგმება.