პანკისში, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ევროპის კლინიკაში გადასაყვანად ჯანდაცვის სამინიტრო რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ On.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, სოფო ჭუმბურიძემ განუცხადა.

"ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად მოხდება მკურნალობის გაგრძელება", - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის წევრებმა ესროლეს. მან დაზიანება თავის არეში მიიღო და მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

აღნიშნული ინციდენტის გამო, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. სუს-ის ინფორმაციით, ისნის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.

ისნის სპეცოპერაციაზე გაიგეთ მეტი.