ორგზის ოსკარის მფლობელი ქეით ბლანშეტი 2018 წლის კანის კინოფესტივალის პრეზიდენტი იქნება. ინფორმაცია დღეს ფესტივალის ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

ბლანშეტი ჰოლივუდის იმ 300 გავლენიან ქალს შორისაა, რომლებმაც ამ კვირაში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანია Time's Up [დრო ამოიწურა] დაიწყეს.

ავსტრალიელი მსახიობი მე-12 ქალი იქნება, რომელიც კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი გახდება. კანის კინოფესტივალი წელს 71-ედ ტარდება.

კინოფესტივალი 2018 წელს 8-დან 19 მაისის ჩათვლით გაიმართება. წელს, ისტორიაში პირველად - კანში სერიალების საერთაშორისო ფესტივალიც ჩატარდება.