საპროტესტო მოძრაობებს ახლო აღმოსავლეთში, როგორც წესი, უზარმაზარი რეპრესიული დაბრკოლებები ხვდებათ და ბედნიერი დასასრული იშვიათად აქვთ. მაშინაც კი, როდესაც დემონსტრანტები "წარმატებას მიაღწევენ" და ავტოკრატს “ჩამოაგდებენ”, ავტოკრატიული რეჟიმის დასრულებას ისინი იშვიათად ახერხებენ.

ირანში წარმატების შანსი მინიმალურია. თუ ახლო აღმოსავლეთში ქვეყნების უმრავლესობას სეკულარული ავტოკრატები მართავენ, რომლებიც ძირითადად ისლამისტური ოპოზიციას დევნიან, ირანი ისლამისტური ავტოკრატიაა, რომელიც სეკულარული ოპოზიციის რეპრესიაზეა ფოკუსირებული. მოცემული დინამიკა - უიარაღო, არაორგანიზებული, ულიდერო მოქალაქეების ბრძოლა ეკონომიკური ღირსების და პლურალიზმის მოსაპოვებლად, მძიმედ შეიარაღებული, ორგანიზებული და წამების მხარდამჭერი თეოკრატიის წინააღმდეგ - წარმატების მისაღწევი რეცეპტი ნამდვილად არ არის.

და მაინც, ამ ორაზროვანი ფონის მიუხედავად, ირანის მწვავე ანტისახელმწიფო საპროტესტო აქციები - მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო მცირე მასშტაბისაა, ვიდრე ქვეყნის 2009 წლის აჯანყება - უპრეცედენტოა გეოგრაფიული მასშტაბით და ინტენსივობით. პროტესტის ტალღა 28 დეკემბერს მაშჰადში, ხშირად თეოკრატიული რეჟიმის დასაყრდენად მიჩნეულ შიიტ მომლოცველთა ქალაქში დაიწყო, შეძახილით - "შეეშვით სირიას, იფიქრეთ ჩვენზე!". პროტესტმა მალევე გადაინაცვლა ქომში, ირანის ყველაზე წმინდა ქალაქში, ამჯერად მომიტინგეებმა ნოსტალგია გამოხატეს რეზა შაჰის, ანუ მეოცე საუკუნის მოდერნიზებული ავტოკრატის მიმართ, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა სასულიერო პირებს. საპროტესტო ტალღა მალევე გავრცელდა სხვადასხვა პროვინციებში და გაისმა ისეთი ფრაზები, როგორიცაა “ჩვენ არ გვინდა ისლამური რესპუბლიკა!”, “სიკვდილი რევოლუციურ გვარდიას!” და “სიკვდილი დიქტატორს!”. ცოტა ხანში პროტესტი თეირანშიც გავრცელდა და როგორც BBC ირანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება - ასობით ადამიანიც დააკავეს.

იმ ათეულობით ფაქტორს შორის, რომლებიც დღევანდელ აქციებს 2009 წლის საპროტესტო აქციებისგან განასხვავებს, არის ერთი მთავარი - სმარტფონი.

საკამათოა კონკრეტული მიზეზი, რამაც ეს საპროტესტო აქციები გამოიწვია. ზოგი მტკიცებულება თითქოს მიუთითებს, რომ თავიდან ეს ყველაფერი მოქმედი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის წინააღმდეგ დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ რამაც გაამწვავა საპროტესტო ტალღა და “ცეცხლზე ნავთი დაასხა” არის იგივე მიზეზები, რასაც მთელ მსოფლიოში აპროტესტებენ - ცხოვრების გაძვირება, ენდემური კორუფცია, თაღლითობა, არასწორი მართვა. ირანში კი ამ ისედაც “მწარე კოქტეილს” ისლამისტური თეოკრატიის მორალური კვარცხლბეკიდან მართული პოლიტიკური და სოციალური რეპრესიებიც ემატება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეტენზიები უკვე წლების და ათწლეულების განმავლობაში ისმის, იმ ათეულობით ფაქტორს შორის, რომლებიც დღევანდელ აქციებს 2009 წლის საპროტესტო აქციებისგან განასხვავებს, არის ერთი მთავარი - სმარტფონი. 2009 წელს, როცა 2-3 მილიონი მოქალაქე აპროტესტებდა - მხოლოდ 1 მილიონ ირანელზე ნაკლებს ჰქონდა სმარტფონი, მითუმეტეს თეირანის გარეთ. დღეს კი სმარტფონით და შესაბამისად სოციალური მედიით და საკომუნიკაციო აპლიკაციებით აღჭურვილი ირანელების რიცხვი 48 მილიონს აღწევს. მიიჩნევა რომ მარტო Telegram-ს 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მართალია ამ კომუნიკაციას მთავრობა ვერ აკონტროლებს, თუმცა მონდომების შემთხვევაში ოფიციალურ თეირანს ინტერნეტის გათიშვაც შეუძლია.

მაგრამ ახლა, როცა ირანელებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ დანარჩენ სამყაროზე, თეირანის მიერ ეფექტურად მართული მედიის შედეგად დანარჩენმა სამყარომ ისევ არ იცის როგორ ცხოვრობენ ირანში. 2009 წლიდან და მანამდეც, პროფესიონალი ჟურნალისტები რომლებიც ირანის საკითხებს კრიტიკულად აშუქებდნენ და მათ შორის არიან The Wall Street Journal-ის ფარნაზ ფასიხი, New York Times-ის ნაზილა ფატი, Newsweek-ის მაზიარ ბაჰარი, Reuters-ის პარისა ჰაფეზი და ათეულობით სხვა - ან დააშინეს, ან გააძევეს, ან დააპატიმრეს. ირანში დარჩენილი რამდენიმე ჟურნალისტი სამართლიანად შფოთავს საკუთარ უსაფრთხოებაზე, მწერლები, მეცნიერები და ხელოვანები კი უბრალოდ გაძევებულები არიან ქვეყნიდან. პარალელურად კი, რეჟიმი უპრობლემოდ უზრუნველყოფს ვიზით და ყველა საჭირო ხელშეწყობით მხოლოდ მათ, ვისგანაც “მეგობრულ” გაშუქებას ელოდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი საოცრად ეფექტურია დასავლური ჟურნალისტების, ანალიტიკოსებისა და თანამდებობის პირების მანიპულირებაში. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი რეჟიმსა და მედიას შორის ახალი ურთიერთობა წარმოშვა - გავლენიანი ჟურნალისტები ან ანალიტიკოსები, რომლებიც ირანში ბიზნეს შესაძლებლობებს ეძებენ ან არეკლამებენ, რეჟიმის მწვავე კრიტიკისგან თავს იკავებენ.

რა მოხდება ახლა?

ირანის მთავრობას მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი აქვს, ქალებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად თვლის, დევნიან სქესობრივი და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს და თავისუფალ სიტყვას. მიუხედავად იმისა, რომ ირანში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მშვიდობიანად სურთ საკუთარი სამოქალაქო უფლებების მოპოვება - არსებობს საკმარისი მიზეზები, რომ სცენარის ამ გზით განვითარება არ დავიჯეროთ. რეჟიმის იძულებითი აპარატი - ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი (IRGC) და ბასიჯ მილიტა - ორგანიზებული, მძიმედ შეიარაღებული და წამების სასტიკ მეცნიერებაში კარგად გაწვრთნილები არიან, ხელისუფლების ოპონენტები კი პირიქით უიარაღოები, ულიდეროები და უგეგმოები. გარდა ამისა, ირანს თავის განკარგულებაში ათწლეულების განმავლობაში გამოზრდილი ათობით ათასი შიიტი მებრძოლი და მათ შორის ლიბანის ჰეზბოლა ჰყავს. მათთვის ამ უთანასწორო ბრძოლაში უიარაღო დემონსტრანტების დამარცხება გაცილებით მარტივი ამოცანაა, ვიდრე სირიელი მეამბოხეების ან სუნიტი ჯიჰადისტების.

მიუხედავად იმისა, რომ აქა-იქ იმედი გამოითქვა, რომ ამ მასშტაბურმა პროტესტმა ირანის მთავრობა შეიძლება დააფიქროს და რამდენიმე ყველაზე მწვავე პრობლემის გადაჭრისკენ მაინც უბიძგოს - ისტორია გვიჩვენებს, რომ მოვლენების საპირისპირო განვითარება უფრო სავარაუდოა. ცოტა ხანში შესაძლოა რეჟიმი კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს - საფრთხის შეგრძნებისას ირანის უშიშროების ძალები უმალვე აყვავდებიან ხოლმე. ზოგიერთი ირანელი იმასაც შიშობს, მთავრობამ ეს აქციები მხოლოდ იმიტომ “დაუშვა”, რომ მერე თავისი უფლებამოსილება უფრო გაიფართოვოს, რასაკვირველია “ეროვნული უსაფრთხოების სახელით”.

რისი გაკეთება შეუძლია ამერიკას?

მასშტაბური ამბოხი იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის ოფიციალური სლოგანიც არის “სიკვდილი ამერიკას!”, ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრის ფართო მხარდაჭერას მიიღებს. მთავარი კითხვა კი, როგორც ყოველთვის, არის - რომელია ყველაზე კონსტრუქციული გზა ვაშინგტონისთვის, ასეთი საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად? 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის მერე პრეზიდენტმა ჯორჯ ჰ. ბუშმა ღიად და მოურიდებლად მოუწოდა ერაყელ შიიტებს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ აჯანყებისკენ. როდესაც ისინი ასეც მოიქცნენ და პასუხად სადამმა გაანადგურა, საერთაშორისო აღშფოთება უფრო მეტად ბუშისკენ იყო მიმართული, ვიდრე სადამისკენ. 2009 წელს ირანში მწვანე მოძრაობის აჯანყებას ობამას ადმინისტრაციამ მხოლოდ ნელთბილი მხარდაჭერა გამოუცხადა, რასაც ჰილარი კლინტონმა მოგვიანებით სახელმწიფო მდივნის რანგში “ყველაზე დიდი სინანული” უწოდა.

აბა როგორ მოიქცნენ ამერიკელი ლიდერები? მიუხედავად იმისა, რომ ხალხისადმი სოლიდარობის გამოხატულება (წაქეზების გარეშე) შთამომავლობისთვისაც და ისტორიისთვისაც კარგია, ეს საკმარისი არაა. საჯარო განცხადებებზე გაცილებით მნიშვნელოვანი აშშ-ს მიერ მიღებული ზომებია, რომელიც შეაჩერებს ან ხელს შეუშლის რეჟიმის ძალისხმევას და მათ მიერ კომუნიკაციის შეზღუდვის და ინტერნეტის გათიშვის შესაძლებლობას.

აშშ-ს მიერ ერთ-ერთი კონკრეტული ქმედება იქნებოდა დაანონსება, რომ ირანის რეპრესიულ აპარატში თანამონაწილე კომპანიები და ქვეყნები, მათ შორის, ცენზურის ტექნოლოგიები - ამერიკისგან სანქციებს უნდა ელოდონ. შეერთებულმა შტატებმა ასევე უნდა მოახდინონ გლობალური პარტნიორების მობილიზება და თეირანის წინააღმდეგ ყველას ხმა უნდა გაისმას, მათ შორის ევროპის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და ინდოეთის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი შესამჩნევად დუმს.

იმის გათვალისწინებით, რომ ირანული სისტემა აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა - მომავლის დღეებით და კვირებით ადრე პროგნოზირება ძალიან რთულია. ხამენეი და მისი რევოლუციური გვარდია ათასობით კილომეტრის დაშორებიდან საკმაოდ მყარად და მტკიცედ ჩანან პოზიციებზე. თუმცა ჩვენ ისტორიიდან ისიც ვიცით, რომ ავტორიტარული სტაბილურობა შეიძლება მოჩვენებითი იყოს. 1978 წლის აგვისტოში CIA-მ დაადასტურა, რომ ირანში ფეჰლევის მონარქია "რევოლუციურ ან პრე-რევოლუციურ მდგომარეობაშიც კი არ არის". ხუთი თვის შემდეგ კი შაჰის სიმსივნე ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, ოჯახის წევრებისთვისაც. ხამენეის ჯანმრთელობაც უკვე წლებია ფართო სპეკულაციების წყაროა, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების მიერ გასაიდუმლოებული.

"მე ვარ პესიმისტი ჭკუის გამო" იტალიელი ფილოსოფოსი ანტონიო გრამში ამბობდა, “მაგრამ ვარ ოპტიმისტი ნების გამო". 25 საუკუნოვანი სპარსული ცივილიზაცია და ერთი საუკუნის განმავლობაში დემოკრატიისკენ სწრაფვა იძლევიან იმედს, რომ დაუმორჩილებელი ირანელები ცვლილებას შეძლებენ. მაგრამ ისლამური რესპუბლიკის ორმოცწლიანი სისასტიკის ისტორია გვთავაზობს, რომ ცვლილება არ მოხდება ადვილად, ან მშვიდობიანად, ან მალე.