2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები კვლავ ძალაშია. ძველი მოწმობების მფლობელებს სარგებლობის ვადა კიდევ სამი თვით, პირველ აპრილამდე, გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"გადაწყვეტილება მიღებულია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო", -განმარტავენ შსს-ს მომსაურების სააგენტოში.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად გაცემულია 90 ათასზე მეტი განახლებული მართვის მოწმობა, თუმცა მომსახურეობის სააგენტოს ბაზის მიხედვით 94 ათასზე მეტ ადამიანს კვლავ არ შეუცვლია დოკუმენტი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე 2018 წლის პირველ აპრილამდე არ შეცვლის მართვის მოწმობას, ის გაუქმებულად ჩაითვლება, ახალი დოკუმენტის აღება კი მხოლოდ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეეძლება.

თავდაპირველი ინიციატივით, 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობების გამოყენება დღეს, 2018 წლის პირველ იანვარს, უკვე აღარ უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.