პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს.

"პაციენტი სტაბილურად მძიმეა, არანაირ გართულებას ტრანსპორტირებისას ადგილი არ ჰქონია. აქ უფრო მეტად შეიძლება უფრო კვალიფიციური კვლევის ჩატარება," - განაცხადა ჟურნალისტებთან ექიმმა.

26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის წევრებმა ესროლეს. მან დაზიანება თავის არეში მიიღო.

აღნიშნული ინციდენტის გამო, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.