2018 წლის ფრანკფურტის ბაზრობის პროექტის ხელმძღვანელი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს მწერლებსა და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, გიორგაძემ გადაწყვეტილება ბოლო მომენტში მიიღო და ამით ყველანაირი მითქმა-მოთქმის დასრულება სურდა:

"თვითონ აიღო პასუხისმგებლობა. აქამდე, როგორც უწყების პირველი პირი, ისედაც ჩართული იყო. ახლა თითოეულ მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელიც, ანგარიშვალდებულნიც იქნებიან მისდამი და ყველაფერში იქნება ჩართული".

გუშინ, 25 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ პროექტს ჩამოშორდა მანანა ბერიკაშვილი. მანამდე, კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ბერიკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო და პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობას არ დატოვებდა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ათი თვით ადრე ქართული წიგნის ერონვული ცენტრის დირექტორმა, დეა მეტრეველმა თანამდებობის დატოვების წერილით კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს მიმართა. მიზეზად კი, პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბაზრობისთვის მოსამზადებელ სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს ასახელებს.

ეროვნული ცენტრი სამუშაო გუნდი აცხადებდა, რომ ბერიკაშვილი მათ საქმიანობაში ერეოდა. დეა მეტრეველმა მინისტრს წერილით მიმართა და სთხოვა, პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. თხოვნის არდაკმაყოფილების შემთვევაში კი, თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. პროექტის დატოვებაზე საუბრობდნენ ცენტრი თანამშრომლებიც.

წიგნების ეროვნული ცენტრის ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მწერლებისა და გამომცემლების მხრიდან. მათ ღია წერილით მიმართეს კულტურის მინისტრსს, რომლებიც ცენტრის პოზიციას იზიარებდნენ.

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ოქტომბრის ბაზრობისთვის საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.