სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან თბილისში, ისანში, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებთან. ამის შესახებ სუს-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პანკისში დაკავებული პირები ისნის სპეცოპერციის დროს ლიკვიდირებულ პირებს საქართველოში შემოყვანაში დაეხმარნენ. მანამდე კი, დაეხმარნენ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაში და დროებითი საცხოვრებლით.

"დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში. სპეცოპერაციის დროს დაკავებული და გარდაცვლილი პირების მობილური ტელეფონებიდან ამოღებული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილია იარაღის სამალავის კონკრეტული ადგილი. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები დურბინტები, რაციები და სხვადასხვა მტკიცებულებები", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, პანკისის ხეობაში დღეს მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ბრალდებული დაჭრეს.

"თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულის აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო დაზიანება, იგი ამჟამად ჰოსპიტალიზირებულია", - განმარტა გიორგობიანმა.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

ისნის სპეცოპერაციის შესახებ გაიგეთ მეტი.