ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსური პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უფლებამოსილების შესრულების დროს გამოავლინეს დარღვევა, თუმცა 10 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ სამართალდარღვევათა ოქმი არ შეადგინეს.

"ბრალდებულებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მეწარმე-სუბიექტისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება არ განახორციელეს. აღნიშნული ქმედებით კი, სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა", - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.