ვისოლ ჯგუფი საქველმოქმედო საქმიანობას აფართოებს. კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დანაპირებს- ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს ახალ პარტნიორებთან- დიმიტრი ცინცაძის ფონდთან, World Vision-თან და WE Help-თან ერთად განახორციელებს და გააფართოებს იმ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქამდე უწევდა თანადგომას.

ვისოლ ჯგუფსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ვისოლის შვილობილი კომპანიების ვენდის, დანკინ დონატსის და სმარტის ობიექტებში საქველმოქმედო ყუთების განთავსებას და ერთგულ მომხმარებლებთან ერთად იმ ადამიანების დახმარებას, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

World Vision საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მრავალმხრივი თანადგომის საშუალებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

შეხვედრაზე World Vision საქართველოს პროგრამის დირექტორმა ეკა ჟვანიამ, მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"დღევანდელი ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ ვისოლ ჯგუფთან გავაფორმეთ, ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით რომ ჩვენ დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა ბიზნესთან, ამ ტიპის სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით."

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი 2013 წლის აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად შეიქმნა. ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურანლისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და შემოწირულობებით არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით.

ორგანიზაცია We Help 2013 წლის აგვისტოში დაარსდა. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია: დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება. შემოწირულობის გაკეთების სიმარტივე ონლაინ გადახდის საშუალებით, სოციალური ქვემოქმედების კულტურის დანერგვა და პოპულარიზაცია, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. ორგანიზაციის მთავარი მახასიათებლებია: გამჭვირვალობა, სიმარტივე და სანდოობა. We Help პირველი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც Crowd Funding სისტემით მუშაობს.