გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ მადლობა გადაუხადა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, რომლებმაც გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

"ჩვენ დავიმახსოვრებთ ამ დღეს. დღეს, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩვენი სუვერენული უფლების გამოყენების გამო თავდასხმისთვის დაიგეგმა. გვემახსოვრება მაშინაც, როდესაც მოგვიწოდებენ ყველაზე დიდი წვლილი შევიტანოთ გაეროს მუშაობაში, გვემახსოვრება მაშინაც, როდესაც უამრავი ქვეყანა გვთხოვს მეტი თანხა გამოვუყოთ და გამოვიყენოთ მეტი გავლენა მათი ინტერესების დასაცავად, როგორც ეს ყოველთვის ხდება", - ნიკი ჰეილის გამოსვლის თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

ჰეილის განმარტებით, აშშ იერუსალიმში განათავსებს საელჩოს, რადგანაც ამას ამერიკელი ხალხი ელოდება:

"ვერც ერთი ხმა ვერ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს კენჭისყრა შეცვლის ამერიკის დამოკიდებულებას გაეროსადმი და იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ჩვენ მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენენ".

გუშინ, 21 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ დაგმო, 128 ხმით 9-ის წინააღმდეგ. ხოლო, 35-მა სახელმწიფომ, როგორიცაა კანადა, მექსიკა და ავსტრალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. თავი შეიკავა საქართველომაც.

აშშ-სთან ერთად რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა ისრაელმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ტოგო და ტონგამ, პალაუმ, მარშალის კუნძულებმა, გვატემალამ და ჰონდურასმა. აშშ-ის ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი ორგანიზაციასა და მსოფლიოს დაფინასების შეწყვეტით ემუქრებოდა.