ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აშშ-ის მაგნიტსკის აქტით სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს. გარდა ამისა, სიაში შეყვანილია ჩეჩნეთის პოლიციის განყოფილების უფროსი, რომელიც ჰომოსექსუალების წამებაში დაადანაშაულეს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კადიროვი, რომელიც 2007 წლიდან ჩეჩნეთის ლიდერია და ვლადიმერ პუტინის სანდო პირად მიიჩნევა, მაგნიტსკის აქტის სიაში წამებისთვის და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის მოხვდა.

მაგნიტსკის აქტი აშშ-ში 2012 წელს მიიღეს. აქტის სანქციები მიმართულია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას არღვევენ. თავდაპირველად სანქციები მიმართული იყო იმათ მიმართ, ვინც იურისტ სერგეი მაგნიტსტის მკვლელობაში იყვნენ ბრალდებულნი.

სანქციებში იგულისხმება აშშ-ის ტერიტორიაზე შევლისა და შტატების ბანკებში ფინანსურ აქტივებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა.