თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ფინანსურ დოკუმენტს ორის წინააღმდეგ, საკრებულოს 38-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861 600 000 ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გაზრდილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები - 3,4 მილიონი ლარით გათანაბრებითი ტრანსფერი და 43 მილიონი ლარი სპეციალური ტრანსფერი, რომელიც მშრალი ხიდის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციისთვის მიიმართება.

თბილისის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯება მეტროს ვაგონების მოდერნიზებისა და შემადგენლობების დამატებისთვის. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა დაიხარჯოს 338,7 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის 39 პროცენტია.

მერიის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 11 ახალი ბაღის მშენებლობის დასრულება. ასევე, 2018 წელს იგეგმება 10 ახალი ბაღის პროექტირება-მშენებლობის დაწყება. ასევე, დაიწყება ორი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა.

სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით გათვალისწინებულია 307 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის მოცულობის 35,7 % შეადგენს. 2018 წლიდან ჯანდაცვის მიმართულებას ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპონენტები ემატება.

გაზრდილია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება, რაც, როგორც მერია აცხადებს, პროგრამაში დამატებით 120 ბავშვის ჩართვის შესაძლებობას იძლევა.