ქეთი დოლიძე ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს. რეჟისორი On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კინოსურათის სცენარს თავად წერს.

ფილმის სამუშაო სახელი თეთრი მანდილია და ის რეალურ მოვლენებზე იქნება დაფუძნებული.

"ფილმი თეთრი მანდილის მატარებლებზე იქნება, ცნობილ მოვლენაზე, რომელიც იყო ჩემი ინიციატივა, როცა ქალები წავიყვანე ფრონტის ხაზისკენ, რათა ომი გამეჩერებინა. ეს იყო ძალიან ტრაგიკული მოვლენა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ორად გახლიჩა, რადგან ზოგი თვლიდა, თითქოს ჩვენ იქ ზვიადის მთავრობის დასამხობად მივდიოდით", - ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე

როგორც დოლიძე ყვება, თეთრი მანდილის მოძრაობას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

"ეს იდეა აიტაცეს უცხოელებმაც და ერთი წლის შემდეგ ჩვენ მასშტაბური აქცია გავაკეთეთ თვრამეტ ქვეყანაში. ეს იქნება ნამდვილი კინო, ნამდვილი მხატვრული ფილმი. ჩემთვის იდეალური იქნება, რომ ზაფხულში უკვე გადაღებები დავიწყო, მსახიობები ჯერ არ მყავს შერჩეული, თუმცა გეგმები და იდეები მაქვს", - ამბობს ქეთი დოლიძე.

დოლიძეს გადაღებული აქვს ისეთი ფილმები, როგორებიცაა - კაცია ადამიანი?!, კუკარაჩა და სხვა.