იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს მეორე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა.

კონსტიტუციური კანონის პროექტზე, რომელზეც დღეს მუხლობრივად იმსჯელეს, დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

გარემოს დაცვის უფლება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე". საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე განმარტა, რომ გარემოს დაცვის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციის მეორე თავშიც და აღნიშნული ჩანაწერის მე-5 მუხლში გამეორება საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში იყო შემოთავაზებული.

რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება

მისი თქმით, შესრულებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მე-16 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებას ეხება.

"იმის თაობაზე, რომ ჩვენ ამოგვეღო ჩარევის საფუძვლებიდან "სახელმწიფო უსაფრთხოება", "დანაშაულის თავიდან აცილება", და "მართლმსაჯულების განხორციელება", და ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული",- განაცხადა პარლამეტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანაშაულის თავიდან აცილება, თავის შინაარსით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნის ერთ-ერთი კომპონენტია და აქედან გამომდინარე, დანაშაულის თავიდან აცილება თავისთავად დარჩება როგორც ჩარევის საფუძველი. მისივე თქმით, იმავე მოსაზრებიდან გამომდინარე, "დანაშაულის თავიდან აცილება" ამოღებულია მე-14 და მე-17 მუხლებიდან.

ინფორმაციის გასაჯაროება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული დამატებითი კონსულტაციების შედეგად მე-18 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით გარკვეულ პოზიციაზე შეჯერება მოხდა.

"პირვანდელი შემოთავაზება იუსტიციის სამინისტროსი იყო ის, რომ ჩვენ პირდაპირ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა, ამით, რა თქმა უნდა, ფართოვდება ჩარევის საფუძველი, რაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადადაც არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, რჩება ცალსახად ოთხი პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროებას. ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, დაკონკრეტდა სახელმწიფო საიდუმლოებად დოკუმენტის ინფორმაციის აღიარების კრიტერიუმები და საფუძვლები.

მისივე თქმით, ასევე შემოთავაზებულია ცვლილება, რომელიც საჯარო ინტერესებს ეხება:

"საჯარო ინტერესებიც შეიძლება გახდეს ძალიან ფართო ინტერპრეტაციის საგანი, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას პერსონალურ მონაცემებს. აქ საუბარია ადამიანისთვის სასიცოცხლო უფლებასთან, როგორიც არის მისი პერსონალური მონაცემების და მისი პირადი ინფორმაციის დაცულობა გამჟღავნებისგან და ბუნებრივია, რომ არ არის რეკომენდირებული ასეთი ფართო დისკრეციის ქვეშ, საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ასეთი პერსონალური მონაცემების დაცულობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საუნივერსიტეტო ავტონომია

მისივე თქმით, საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ჩანაწერი ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილია.

ბონუსების სისტემა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაზე პრინციპული ხასიათის ცვლილება ე.წ. ბონუსების სისტემას ეხება.

"აქ არ გვაქვს ცვლილებები პირველ მოსმენასთან შედარებით. შემოღებულია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. კერძოდ, მანდატების დასაანგარიშებლად პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი%-ი მაინც მიიღეს. ამ, ასე ვთქვათ, არითმეტიკული გადანაწილებით, გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა დადის მინიმუმამდე", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი

რაც შეეხება 50-ე მუხლს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ეხება, ტერმინოლოგიური ცვლილებაა შემოთავაზებული და ტერმინი "ხმოსანი" "საარჩევნო კოლეგიის წევრით" იცვლება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ოთხი წლის ვადით გამწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შედიან.

"ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აქამდე იყო ექსოფიციო თავმჯდომარე და ახალი რეგულაციის თანახმად, აღარ არის ექსოფიციო თავმჯდომარე. თუმცა, ის რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექსოფიციო წევრად“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ასევე, დაკონკრეტებულია იუსტიციის საბჭოს მდივნის არჩევის წესი.

საარჩევნო ბლოკები

კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და ბლოკის ინსტიტუტი ერთჯერადად რჩება.

"შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, ერთჯერადად ჩატარდება იმ პირობებში, როდესაც მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე, მათი საარჩევნო ბლოკები", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ორმაგი მოქალაქეობის რეგულაცია

ორმაგი მოქალაქეობის რეგულაციის შესახებ პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აპრილში ის პირობები დადგინდება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ გახდება.

"სავარაუდოდ, აპრილის თვეში უკვე დადგინდება ის პირობები, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აღარ გახდება აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი", - განმარტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის დროს, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ცვლილებების არსებითი მიზანი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაა.