ახალ ბიოგრაფიულ ფილმში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის ნილ არმსტრონგის როლს შეასრულებს. გადაღებები მომავალ წელს დაიწყება.

ფილმის შემქმნელი La La Land-ის რეჟისორი დემიენ შაზელია.

ნილ არმსტრონგი ამერიკელი ასტრონავტი და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო. 1972-1979 წლებში კი ცინცინატის უნივერსიტეტში აეროკოსმოსური კვლევების პროფესორად მუშაობდა.

არმსტრონგი 1969 წელს კოსმოსურ მისია აპოლონ 11-ს ხელმძღვანელობდა. აპოლონ 11-მა კენედის კოსმოსური ცენტრი 16 ივლისს დატოვა და 4 დღეში მთვარის ზედაპირზე დაეშვა, ეს იყო მოვლენა რომელსაც მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.

1969 წლის 20 ივლისს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანმა დედამიწის გარდა სხვა კოსმოსურ სხეულზე დადგა ფეხი.

აპოლონ 11-ის ეკიპაჟი, ნილ არმსტრონგის, ბაზ ოლდრინისა და მაიკლ კოლინსის შემადგენლობით, მთვარეზე დაჯდა. ნილ არმსტრონგი კი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი და სწორედ მაშინ თქვა ცნობილი ფრაზა:

"ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის"

ფილმში გოსლინგთან ერთად კლერ ფოი თამაშობს მსოფლიო პრემიერა კი 2018 წლის 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი.