რამდენიმე დღის წინ, ნასამ გამოაცხადა, რომ მათ კეპლერის კოსმოსური ტელესკოპითა და გუგლის ნეირონული ქსელით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს.

როდესაც კეპლერი გაუშვეს 2009 წლის მარტში, მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორი გავრცელებული იყო პლანეტები ჩვენი მზის სისტემის მიღმა. კეპლერის წყალობით კი, დღეს ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ყოველ ვარსკვლავს სულ ცოტა ერთი პლანეტა მაინც ჰყავს თავისი ორბიტის გარშემო.

კეპლერმა მისი მთავარი მისია 2012 წელს დაასრულა და გაფართოებული მისიით ერთი დამატებითი წელიწადი კიდევ აგროვა მონაცემები. 2014-ში კი, ტელესკოპმა ახალი გაფართოებული მისია, სახელად K2 დაიწყო, რომელიც მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტების ძიებას აგრძელებს.

ეს აღმოჩენა კი ნეირონულმა ქსელმა გააკეთა. მან უამრავი მონაცემის ძალიან სწრაფი ანალიზი მოახდინა და დააფიქსირა სისტემა, რომელშიც 8 პლანეტა ბინადრობს.

ფოტო: NASA/On.ge

აქამდე, ვიცოდით, რომ ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე მეტი პლანეტა იყო, თუმცა, ახლად აღმოჩენილ სისტემაში ჩვენი მზის სისტემის ტოლი რაოდენობის პლანეტაა.

Kepler-90 მზის მსგავსი ვარსკვლავია, რომელიც 2545 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული. ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტის, Kepler-90i-ს, გამო, რომელიც ძალიან ცხელი კლდოვანი პლანეტაა და ყოველ 14,4 დღეში ბრუნავს საკუთარი დედავარსკვლავის გარშემო, ეს სისტემა სიდიდით მეორეა ჩვენს გალაქტიკაში აღმოჩენილ სისტემებს შორის.

ფოტო: NASA

მათი თქმით, სისტემაში შესაძლოა კიდევ მეტი პლანეტა იყოს. ისინი იმედოვნებენ, რომ სამომავლო დაკვირვებები უფრო მეტ დეტალს გამოავლენს. ეს ახალი ალგორითმი კი უფრო გაუმარტივებს მეცნიერებს საქმეს, აღმოაჩინონ დედამიწის მსგავსი პლანეტა, სადაც სიცოცხლე იქნება.

ახალი ეგზოპლანეტა გუგლის სისტემამ იპოვა, რომელსაც დასწავლის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში, კომპიუტერებმა თვითონ ისწავლეს, თუ როგორ აღმოეჩინათ პლანეტები კეპლერის მონაცემთა ეგზემპლარებში, სადაც ტელესკოპმა შორეული პლანეტებისგან აღრიცხა სიგნალები.