დღეს, 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს, 85 ხმით 6-ის წინააღმდეგ.

დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა კანონპროექტი.

მანამდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

სხდომაზე დოკუმენტი აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, წამყვანი კომიტეტის სახელით შეაფასა და თქვა, რომ მათ კანონპროექტს უარყოფითი დასკვნა მისცეს.

"ფუნდამენტალური კონსულტაციები მიმდინარეობდა და რამდენიმე საკითხზე, მათ შორის შესყიდვების ნაწილზე, შეთანხმება მოხერხდა, თუმცა დარჩა ორი საკითხი, რომლებზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და შესაბამისად, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა", - განაცხადა რომან კაკულიამ. მისივე თქმით, შეუთანხმებელი საკითხებია რეკლამის თემა და სტარტაპების ჩანაწერი.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქციის არანაკლებ 25 პროცენტისა დაეთმობა დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების პროგრამებს, რომელთა შესყიდვაზე არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით“.

ასევე, ცვლილებით, აღარ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელე-რადიო, ასევე ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი პროდუქციის ან/და მის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. აგრეთვე, კანონი აღარ გავრცელდება სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-რადიო პროდუქციის გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე. გარდა ტელე-/რადიოპროდუქციის შექმნისთვის ან/და მაუწყებლობისთვის საჭირო საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს, ასევე ამ მუხლით გაუთვალისწინებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისა.

არასამთავრობოების პოზიცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია - მიიჩნევენ, რომ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.

მათი განცხადებით, კანონის პროექტი ზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლის მიერ განხორციელებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად.