უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ისინი ოპოციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს კურჩენკოს ფულით გადატრიალების მოწყობაში კი არა, მის ხელშეწყობაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ ლუცენკომ ტელეკომპანია ZIK-თან განაცხადა.

"გადატრიალების მოწყობასა და დაფინანსებაში ჩვენ მის [მიხეილ სააკაშვილის] მარჯვენა ხელს, სევერიან დანგაძეს ვდებთ ბრალს. თვითონ სააკაშვილს მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებისთვის ხელშეწყობაში ედება ბრალი".

მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მიხეილ სააკაშვილი კიევში პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა მომხრეებმა ის სპეცრაზმელების ავტომობილიდან დაიხსნეს. მოგვიანებით, ის 9 დეკემბერს ხელმეორედ დააკავეს, პროკურატურამ კი მისთვის ელექტრო სამაჯურის გამოყენებით შინაპატიმრობა მოითხოვა, რაც 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა.

უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ქვეყანაში გადატრიალების ორგანიზებას უწყობდა ხელს, რომელსაც ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო აფინანსებდნენ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ის უკრაინის მთავრობას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამი მუხლით წაუყენა: უკრაინის-ის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).