2017 წლის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მხატვრული ფილმის, Call Me by Your Name, რეჟისორი ლუკა გუადანინო ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს, რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი შეასრულებს.

Burial Rites - ასე ჰქვია მისტიკურ დრამას, რომელშიც მოქმედება 1830-იან წლებში ხდება. კინოსურათი 2013 წელს გამოსული ჰანა კენტის რომანს ეფუძნება, მთავარი პერსონაჟი კი აგნეს მაგნუსდოტირია, რომელსაც ორი კაცის მკვლელობაში, შემდეგ კი მათი სახლის დაწვაში ადანაშაულებდნენ.

ახალი ფილმის, რომელსაც Lionsgate და TriStar ერთობლივად გადაიღებს, პროდიუსერები გარი როუზი და ჯერი კალაჯიანი იქნებიან.

"ლუკა იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული რეჟისორია. მისი ფილმები სხვადასხვა ემოციებისა და გრძნობების კოქტეილია. ვერც კი წარმოვიდგენ რა მაგარი გამოვა ჯენიფერისა და ლუკას ერთობლივი კინოსურათი", - ამბობს TriStar-ის დირექტორი ჰანა მინგელა.

ჯენიფერ ლოურენსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის სამსახიობო კარიერას დროებით თავს ანებებდა, თუმცა როგორც ჩანს, ლუკა გუადანინოს პროექტზე უარი ვერ თქვა.