საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური ამბობს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევა არაკვალიფიციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად მიაჩნია. მისი თქმით, მისი კვალიფიკაცია კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თავისმხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული პასუხით, კახა ბექაური თანამდებობისთვის საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

კახა ბექაურის დიპლომზე თსუ-ს განმარტება

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

კითხვაზე - კვალიფიკაციის კანონის მოთხოვნასთან თანხვედრა მისი შეფასებაა თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიღებული დასტური - კახა ბექაური ასე პასუხობს:

"[თსუ-სთვის] არც მიმიმართავს და არც მჭირდება იმიტომ, რომ არჩევის დროს კანონთან შესაბამისობა შესაბამისმა უწყებებმა - პარლამენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს მთავრობამ ისევე როგორც ჩემი, სხვა წევრების გამოიკვლია და შესაბამისად, კანონთან შესაბამისობა დაადგინა".

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, კიბერნეტიკა არის მეცნიერება ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ, შეისწავლის ელექტრონულ მოწყობილობებს შორის ინფორმაციის გადაცემას, მიღებას, დამუშავებას, შენახვასა და ამ ინფორმაციის გამოყენებას მართვისთვის. მისი თქმით, კიბერნეტიკა ელექტრონულ კომუნიკაციებს მოიცავს.

On.ge გუშინ, 11 დეკემბერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის გავრცელების შემდეგ კომუნიკაციების კომისიას დაუკავშირდა. მაშინ უწყებაში აღნიშნეს, რომ ამ საკითხზე არ საუბრობდნენ.

კახა ბექაური ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირია საქართველოში. მან კომუნიკაციების კომისიიდან ანაზღაურების სახით 233 988 ლარი მიიღო. კომუნიკაციების კომისიაში მუშაობის დაწყებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე (2012 წლის მარტი-დეკემბერი) ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უმრავლესობაში მყოფი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიაში, მეცხრე არხში, დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2010-2011 წლებში კი, ტელეკომპანია მაესტროში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.