ოქროს გლობუსის ნომინაციების გამოცხადების დროს ყველა დარწმუნებული იყო, რომ საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში აუცილებლად დაასახელებდნენ მერილ სტრიპს, კიდევ ერთხელ, უფრო სწორედ კი 31-ედ. ამჯერად სტივენ სპილბერგის ფილმისთვის The Post.

ასეც მოხდა, სტრიპმა გლობუსის 75 წლიან ისტორიაში მოახერხა და იმაზე მეტი ნომინაცია მიიღო ვიდრე ნებისმიერმა სხვა მსახიობმა.

შედარებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ნომინაციების რაოდენობით მერილის შემდეგ ჯეკ ნიკოლსონი მოდის, რომელსაც საერთო ჯამში 17 ნომინაცია აქვს. მათ მოსდევენ: ჯეკ ლემონი - 16, შირლი მაკლეინი - 15, ალ პაჩინო - 14, ლეონარდო დიკაპრიო და დასტინ ჰოფმანი - 11-11 ნომინაცია და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებების შემთხვევებშიც სტრიპი ნომერ პირველია, მას საერთო ჯამში 8 ოქროს გლობუსი აქვს, მათ შორის ერთი საპატიო, რომელიც შარშან მიიღო და აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მისი სიტყვით გამოსვლაც.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 7 იანვარს და გავიგოთ, მოახერხებს თუ არა სტრიპი კიდევ ერთხელ ავიდეს ბევერლი ჰილტონის სცენაზე და პრიზით ხელში მიმართოს საზოგადოებას.