საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე განიხილავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილ, მომდევნო წლების საინვესტიციო გეგმებს.

სემეკის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, დღეს შეუძლებელია იმაზე საუბარი, თუ რა მოუვა სამომხმარებლო ტარიფს. მისივე თქმით, ტარიფის განაწილებისას ინვესტიციებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

"მართალია, ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. მომავალი კვირიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ სატარიფო სხდომებს თითოეული კომპანიის მიხედვით. თვის ბოლოს კი გამოიკვეთება კონტურები სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში. თუმცა დღევანდელ არსებულ ტარიფში არის ჩადებული კურსი 2,50 ლარი, ამდენად არსებითი გავლენა კურსის გამო ჯერჯერობით არ იგეგმება".

ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დოლარის მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო მათ შესასყიდი ელექტროენერგიის საფასური გაეზარდათ. მისივე თქმით, ეს შეიძლება ფასზეც აისახოს, თუმცა საბოლოოდ გადაყწვეტილებას სემეკი იღებს.

დღეს კომისია იმსჯელებს სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, სს საქრუსენერგოს, შპს ენერგოტრანსის, შპს ვარდნილჰესების კასკადის, შპს ენგურჰესის მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებ.

ამავე სხდომაზე მოხდება შეთანხმება სს თელასის, სს ენერგო პრო ჯორჯიას, შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, შპს მცხეთის წყალის, შპს რუსთავის წყალის მიერ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების შესახებ.

ამასთანავე, კომისია იმსჯელებს საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ კომისიის აპარატის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმოდგენილ პროექტზე.

ელექტროენერგიის ტარიფი, რომელიც საქართველოში მოქმედებს 31 დეკემბრამდეა ძალაში, ამიტომ სემეკმა ახალი ტარიფი უნდა განსაზღვროს. კომისიაში წარდგენილი ყოველწლიური სატარიფო განაცხადით თელასი სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ითხოვს. შესაბამისი განცხადება კომპანიამ 16 აგვისტოს შეიტანა.