სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე რუსთავი 2-თან საუბრისას ადასტურებს, რომ მან ბაჩო ახალაია დაპატიმრების შემდეგ მოინახულა. ახალაიამ ამავე არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მასთან "უსინდისო" შეთავაზებები ჰქონდათ.

ჩუბინიძის თქმით, ახალაია ღარიბაშვილთან ერთად არ უნახავს.

"[რაზეც ვისაუბრეთ] არ არის საჭირო, რომ გაგიმხილოთ. [მიხეილ] სააკაშვილზე, კატეგორიულად გეუბნებით, რომ არ ყოფილა საუბარი", - აღნიშნა ჩუბინიძემ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ ჩუბინიძე და ღარიბაშვილი მის ქმარს შეხვედრისას ეუბნებოდნენ, რომ "სანამ ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში, არ გათავისუფლდებოდნენ თუ არ გააკეთებდა იმას, რასაც სთხოვდნენ".