აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ ჟენევის დისკუსიის შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ ჟენევაში აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და რუსეთი დევნილთა საკითხის განხილვაზე უარს აცხადებს იმიტომ, რომ აღნიშნული საკითხი განსახილველად ქართულ მხარეს გააქვს. ამის შესახებ ინფორმაციას Apsnypress ავრცელებს.

ჩირიკბას განმარტებით, აღნიშნულის გამო, აფხაზეთის, ოსეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც წინა განხილვის დროს, სხდომათა დარბაზი დატოვეს:

"საქართველო არაპირველი წელია წარადგენს რეზოლუციას გენასამბლეის სასამართლოზე. იმ დელეგატების ხმათა რაოდენობა, რომლებიც რეზოლუციის წინააღმდეგნი იყვნენ და მათი, ვინც თავი შეიკავა, რაოდენობრივად უფრო მეტია, ვიდრე მათი ხმების რაოდენობა, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა".

ჩირიბკამ განმარტა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება გენასამბლეას დევნილთა შესახებ თავად აწვდის ცნობებს. მისი თქმით, მათ უკვე გაუგზავნეს გენასამბლეას წერილი, რომელიც ნათლად ასახავს აფხაზეთის პოზიციას დევნილებთან დაკავშირებით.

მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მეორე მთავარი საკითხი საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია პროპაგანდისტული ხასიათის იყო:

"ქართულმა მხარემ გარდაცვლილის ოჯახური ფოტოები წარმოადგინა. იმედი მაქვს, გალში იმ დოკუმენტების გაცვლა მოხერდება, რომლებიც გამოძიებას დაეხმარება".

ჩირიკბამ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლობამ შეხვედრაზე იმ 25 აფხაზის სია წარადგინა, რომელიც მისივე თქმით, ქართველმა სამხედროებმა 1999-2012 წლების პერიოდში მოკლეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე კიდევ აპირებენ მსგავსი სიის წარდგენას.