ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისთვისა და პროდუქტიულობისთვის დღე-ღამეში 8 საათი ძილი რომ გვჭირდება, ყველამ ვიცით. ზედმეტია იმის შეხსენებაც, რომ საუკეთესო შედეგების მისაღწევად, დასვენება აუცილებელია.

მაგრამ, ხანდახან ყველაფრის მოსასწრებად და დედლაინებისგან გადასარჩენად დარჩენილი 16 საათი საკმარისი არაა.

არასაკმარისი დრო თანამედროვე ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ეს ხან გამოცდებს უკავშირდება, ხან დამატებით პროექტებს, ხან შვილზე ზრუნვას და ა.შ.

რა უნდა გავაკეთოთ, იმისთვის, თუ გვინდა, რომ ყველაფერი მოვასწორთ?

საბედნიეროდ, ძილისგან გაქცევის რამდენიმე ეფექტიანი გზა არსებობს. გთავაზობთ ჰაფინგტონპოსტის ამერიკელი ბლოგერის, ენდრიუ მერლის, მიერ შემუშავებულ სტრატეგიას და 9 რჩევას, რომელიც შესაძლოა თქვენც დაგეხმაროთ.

1. დილით ადრე ადგომა და ვარჯიში

ენდრიუს თქმით, მას შემდეგ რაც თავს დილით ადრე ადგომას აიძულებს, 30 წუთი დარბის, რაც დამატებით 2-საათიან ძილს უნაზღაურებს. მისი თქმით, სხეულის ახალგაღვიძებულზე გავარჯიშება გამოფხიზლებასა და ძალის აღდგენაში ეხმარება.

2. ცივი შხაპი ვარჯიშის შემდეგ

როგორც ენდრიუ ამბობს, ცივი წყალი მას კარგ ხასიათზე აყენებს და სიფხიზლესა და ენერგიას ჰმატებს.

3. ყავა

ეს სია ყავის გარეშე წარმოუდგენელიც კი მოგეჩვენებოდათ. ერთი ან ორი ფინჯანი ყავა დაგეხმარებათ ყურადღების და კონცენტრაციის გაძლიერებაში, კოფეინი კი კიდევ უფრო გამოგაფხიზლებთ.

4. მთავარი საქმეების დილით "მოშორება"

ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად ადრიანი დილა საუკეთესო დროა. ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის, აუცილებელია თქვენი საქმეები დააჯგუფოთ და ყველაზე პრიორიტეტულით დაიწყოთ, რადგან შუადღისას ასეთი ენერგიული აღარ იქნებით.

5. მსუბუქად კვება

უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საჭმელს და დილით მსუბუქად წაიხემსეთ. ის თუ რას ვჭამთ, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ენერგიაზე. ენდრიუ გირჩევთ, რომ ხილი, შვრიის ფაფა, კვერცხი, თხილი, ბოსტნეული, ახალი თევზი და მჭლე ხორცით მომზადებული საჭმელი მიირთვათ.

6. წყალი

არ დაგავიწყდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი წყალი დალიოთ. თუ დღის განმავლობაში ცოტა ძილი გჭირდებათ, სჯობს მძიმე საკვებთან ერთად რაციონიდან შაქარიც ამოიღოთ, რადგან გადამუშავებული ნახშირწყლები სიტუაციას დაგიმძიმებთ და ბალიშისკენ მიგაბრუნებთ.

7. სეირნობა

ყოველთვის, როცა ძილის სურვილი გაგიძლიერდებათ, 10-15 წუთით ჰაერზე გადით. შესვენება, სინათლე და სუფთა ჰაერი ენერგიას შეგმატებთ.

8. შუადღის ძილი

შეგიძლიათ შუადღით თავს 30-წუთიანი წაძინების საშალება მისცეთ, რაც თქვენს სხეულს უძილობის სტრესისგან დაიხსნის და კიდევ უფრო ენერგიულები გაიღვიძებთ.

9. არა ზეგანაკვეთურ სამუშოს

სამსახური საქმეების დასრულებისთანავე დატოვეთ, რადგან ასეთ დღეებში თავს ზეგანაკვეთური სამუშაოს უფლებას ვერ მისცემთ. ეცადეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ადრე დაასრულოთ, სახლში დაბრუნების შემდეგ კი, შეძლებთ დაისვენოთ და წინა დღესთან შედარებით მეტი საათი დაუთმოთ ძილს.

ენდრიუ აღნიშნავს, რომ ძილის საათების მოკლების ხარჯზე შემუშავებული დღის იდეალური რეჟიმი არ არსებობს, თუმცა მისი გეგმის მიხედვით მოქმედების შემთხვევაში, დღის უკეთესად წარმართვას გვპირდება.