ლეგენდარულ ბრიტანულ როკ-ბენდს Queen-სა და მათ შემოქმედებას დამატებითი წარდგენა რომ არ სჭირდება ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა. სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელს არაერთხელ უცდია, მათი საკულტო სიმღერის Bohemian Rhapsody-ს შესრულება, რაც ერთგულ მსმენელში უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან შეუძლებელია ფრედი მერკურის ვოკალს მიუახლოვდე და ის ენერგია გასცე, რომელსაც შემსრულებელი თავის მუსიკაში დებდა. თუმცა დღემდე ცოტა თუ იცნობდა 80 ნიჭიერ მომღერალს, რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიქცია. ნიჭიერის სცენაზე, კაპელამ Queen-ის ლეგენდარულ სიმღერას ახალი სიცოცხლე აჩუქა.

ფრედის ერთგული ფანები დაგვეთანხმებიან, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული უნარი ხმა არამხოლოდ სცენის წინ შეკრებილი მსმენელისთვის, არამედ მსოფლიოსთვის მიეწვდინა. სწორედ ეს რეკორდი გაიმეორეს დამწყებმა მომღერლებმა, რომელთა ხმა ნიჭიერის სცენას გასცდა და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. კაპელას შესრულება, ჯგუფის ერთ-ერთმა ფანკლუბმა A Queen Of Magic-მა დააშეარა, სადაც მათ უკვე თითქმის ორი მილიონი ნახვა აქვთ.

მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს ჯადოსნური ხმა აქვთ და მათი შესრულება ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი სმენიათ. ვიდეო ჯგუფის ფანკლუბის სხვა გვერდზეც აღმოჩნდა, სადაც მომხმარებელმა დაწერა რომ შესრულება იმდენად მომაჯადოებელი იყო, რომ ფრედი ღიმილით დაჰყურებდა ამ ბავშვებს სამოთხიდან და ამაყობდა. გამოჩნდნენ ისეთები, ვინც აღნიშნეს, რომ ვერ წარმოედგინათ თუ მსგავს ემოციებს ფრედის გარდა სხვისი შესრულების დროსაც განიცდიდნენ.

კაპელამ, მხოლოდ ქართულ ხმას კი არა, საქართველოსაც გაუთქვა სახელი. ვიდეოს კომენტარებში აღფრთოვანებული მომხმარებლები სვამდნენ კითხვას, საიდან მოდიან ეს ბავშვები და საქართველოთი ინტერესდებიან. სათითაოდ ყველა კომენტარის თარგმნა ბევრ დროს წაგვართმევს, თუმცა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მომხმარებლები ჩვენი პატარა შემსრულებლების მიმართ აღფრთოვანებას არ მალავენ.

კაპელათი საერთაშორისო აღფრთოვანებას Got Talent Global-იც შეუერთდა.

ფრედი მერკურის ქართველი მემკვიდრეები, უკვე ნიჭიერის ფინალში არიან, თუმცა როგორ განვითარდება მათი ბედი და მიიღებენ თუ არა ქვეყნის ყველაზე ნიჭიერის ტიტულს, მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული.