იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებებისას სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა. შეტაკება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალად იერუსალიმის აღიარებას მოჰყვა, წერს BBC.

აქციის მონაწილე პალესტინელები ცეცხლს უნთებდნენ მანქანებს და ისრაელის ჯარისკაცებს ქვებს ესროდნენ. ჯარისკაცები კი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდნენ.

პალესტინური დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ყველა პალესტინელს მოუწოდა, რომ პარასკევს "მრისხანების დღე" გაემართათ.

მეორე დაჯგუფებამ, ფატჰამ განაცხადა, რომ ისინი დიპლომატიური ხერხებით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას. დაჯგუფება გაეროში საჩივარს აგზავნის და არაბული ქვეყნების ლიგას მტკიცე პოზციის დაკავებისკენ მოუწოდებს მოუწოდებს.

რა თქვა ტრამპმა?

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აღიარებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად.

თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან ეს ქმედება დაუკავშირა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებს, ასევე, ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებას.

მან აღნიშნა ისიც, რომ აშშ-ი მზადაა აღიაროს ორი სახელმწიფო, თუკი ისრაელი და პალესტინა ტერიტორიის გაყოფაზე შეთანხმდებიან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა:

"დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქვეყნების საელჩოებიც ისრაელში გადავა - დრო მოვიდა".

საერთაშორისო გამოხმაურება

გადაწყვეტილების მიღებამდე პალესტინის პრეზიდენტის, მუჰამედ აბბას პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამას რეგიონისთვის საშიში შედეგები მოჰყვებოდა.

საუდის არაბეთმა ტრამპის გადაწყვეტილებას გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო უწოდა, ხოლო საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ აშშ-ს მხარს არ უჭერენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, ტაეპ ერდოღანმა თქვა, რომ ტრამპა რეგიონი "ცეცხლმოკიდებულ რგოლში ჩააგდო":

"რა გსურთ გააკეთოთ, ბატონო ტრამპო? რა მიდგომაა ეს? პოლიტიკური ლიდერები არა კონფლიქტის შექმნისთვის, არამედ მშვიდობის დამყარებისთვის არიან".

ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარებაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ეს ახლოაღმოსავლეთის საკითხის დარეგულირებას კი არ შეუწყობს ხელს, არამედ საერთაშორისო საზოგადეობის გაყოფას გამოიწვევს.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი მოკლე განცხადებით შემოიფარგლა:

"ეგვიპტე უარყოფს აშშ-ს გადაწყვეტილებას, საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალურ განცხდებაში თქვა, რომ ისინი აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და პარტნიორებთან კონსულტაციებს აგრძელებნ:

"საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე".

გაიგეთ მეტი: