საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იერუსალიმის საკითხზე განაცხადა, რომ ისინი აკვირდებიან მოვლენების განვითარებას და პარტნიორებთან კონსულტაციებს აგრძელებნ:

"საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე".

გუშინ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ აღიარებს იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად.

თეთრ სახლში გამართულ ოფიციალურ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მან ეს ქმედება დაუკავშირა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებს, ასევე, ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარებას.

მან აღნიშნა ისიც, რომ აშშ-ი მზადაა აღიაროს ორი სახელმწიფო, თუკი ისრაელი და პალესტინა ტერიტორიის გაყოფაზე შეთანხმდებიან.

პრეზიდენტმა ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.

ტრამპის ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირების ასრულებაა. კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში იგი იერუსალიმს ცნობდა ისრაეილის დედაქალაქად.