საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.

ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საქმიანობის ფარგლებში, სახალხო დამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებებს დეტალურად გაანალიზებს, შეაფასებს ფემიციდის პრობლემის რეალურ მასშტაბებსა და პრობლემის სახელდებისას არსებულ ხარვეზებს.

საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიან.

ომბუდსმენის ცნობით, საბჭო შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციასა და სტატისტიკურ მონაცემებს.

სახალხო დამცველმა აღნიშნული ინიციატივით ასევე გაითვალისწინა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მან ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი.