თბილისის მერიაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კვირაში ორჯერ მოქალაქეებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალაძის განცხადებით, მოქალაქეებთან შეხვედრები მომავალი კვირიდან დაიწყება და ხუთშაბათს, დილის 10-დან 15 საათამდე, ხოლო პარასკევს 13-დან 18 საათამდე გაიმართება.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოთხოვნით ყოველდღიურად მერიაში უამრავი განცხადება შედის.

მერიის ცნობით, ჯგუფის მუშაობის მიზანია მერიასა და მოქალაქეებს შორის კოორდინაციის გამარტივება.

კახა კალაძის თქმით, მას დრო არ ჰყოფნის რომ თითოეულ დაინტერესებულ მოქალაქეს შეხვდეს, ამიტომ აღნიშნული ფორმა აამუშავა.

"ეს ჯგუფი კვირაში ორჯერ შეხვდება მოქალაქეებს და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას მოისმენს, რაზეც, ჩვენი სამსახურების კომპეტენციის და კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოხდება".