ინფორმაციის თაცისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის. დაიტერესებულ პირად მიიჩნევა ის, ვისაც პირდაპირ ან ირიბად უშუალოდ ეხება საკითხი.

IDFI-ს თქმით, საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის 10 მარტს მიმართა. ორგანიზაციის მოთხოვნას წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის (მინისტრის) ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემა.

ორგანიზაციის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება ისევე, როგორც შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი. ამ საკითხთან დაავშირებით IDFI-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

სარჩელი არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს, ხოლო უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის საჩივარი.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასაბუთება

თბილისის საქალაქო ისევე, როგორ სააპელაციო სასამართლოებმა, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ IDFI-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ინფორმაციის გაცემის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა:

  • ინფორმაცია არის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი;
  • ინფორმაციას აქვს ოფიციალური დოკუმენტის სახე.

IDFI-ს განმარტებით, სასამართლოებმა აღნიშნული დააფუძნეს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული საჯარო ინფორმაციის ცნების განმარტებას, რომლის თანახმადაც საჯარო ინფორმაცია განმარტებულია, როგორც "ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია".

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოთა პოზიციით, ელექტრონული ფოსტა, თავისი არსით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებაა და წარმოადგეს დროებით ჩანაწერს, რომელიც გამოიყენება შუალედური ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით და მასში გადაწყვეტილებები არ არის დაცული. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია არ ადასტურებს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტს და არ წარმოადგენს რაიმე ოფიციალური ხასიათის შემცველ ინფორმაციას/დოკუმენტს.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილ და მიღებულ წერილთა ასლების შესახებ ინფორმაცია დააკავშირეს საქართველოს კონსტიტუციით გამტკიცებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპთან (მუხლი 20). საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას".

სასამართლოთა განმარტებით ელექტრონული ინფორმაცია გაგებულია, როგორც ელექტრონული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც უნდა წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოთა დასაბუთების თანახმად "საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს დოკუმენტის მხოლოდ საბოლოო სახე, რომელიც აისახებადოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემაში)".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება

საკასაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომ ელექტრონული ფოსტა, თავისი არსით, არაფორმალური კომუნიკაციის საშუალებაა და წარმოადგენს დროებით ჩანაწერს.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით იმისთვის, რომ ესე თუ ეს ინფორმაცია/ოფიციალური დოკუმენტი მოექცეს საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ სავალდებულო არ არის ასეთი ინფორმაცია წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან გააჩნდეს მატერიალური დოკუმენტის რეკვიზიტები.

უზენაესმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი ან მიღებული ინფორმაცია, მით უფრო თუ იგი ეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ სახელმწიფო შესყიდვებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სასამართლოს განმარტებით სამსახურებრივი ელ.ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები, თავისთავად არის ელექტრონული ფორმით არსებული ოფიციალური დოკუმენტი ისევე, როგორც საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები და იგი აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ფარგლებში მოქცევის შესახებ უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ "სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით განხორციელებული მიმოწერა, თუ მას აქვს პირადი ხასიათი დაცულ უნდა იქნეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიით. მოცემულ შემთხვევაში კი სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით წარმოებული კომუნიკაცია, რომელიც ეხება გამარტივებულ შესყიდვებს არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს პირადი ხასიათის ინფორმაციასთან".

უზენაესი სასამართლო გასცდა IDFI-ის მოთხოვნის ფარგლებს და დაადგინა, რომ ღია ინფორმაციას წარმოადგენს სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია გამარტივებული შესყიდვების შესახებ). უზენაესმა სასამართლომ აქვე განმარტა, რომ აღნიშნული არ გულისხმობს უწყების შიდა რგოლის თანამშრომლების მიერგადაწყვეტილების შესაქმნელად წარმოებულ შიდა მოსამზადებელ მიმოწერას.

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ IDFI-ის მოთხოვნა იყო საფუძვლიანი შესაბამისად სრულად დააკმაყოფილა ის, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის სრული სახით გაცემა.