საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღეს ძირითადი ამოცანა მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდაა. მისი განმარტებით, ამ მიზნით განათლების სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

"ჩვენ ახლა მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაზრდის მანდატურების საქმიანობის ეფექტიანობას. ვიდრე ეს მოხდება, მანამდე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იქნება და ყველა შესაძლებელ რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, თბილისში სკოლის ორი მოსწავლის მოკვლამდე, გადატვირთული მოძრაობის დარეგულირების მიზნით და სკოლაში მისასვლელად მშობლებისა და ბავშვების დასახმარებლად 85 სკოლასთან პატრულირება უკვე დაწყებული იყო.

"ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურის ეფექტიანობა და ამის შემდგომ პატრულის როლი, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ჩვენ გვესმის მოქალაქეების, როცა ამბობენ, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და ამას ვეთანხმებით. პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ", - აღნიშნა გახარიამ.

მინისტრის თქმით, მანდატურის სამსახურს 10 წლის წინ არსებულ გამოწვევებთან განსხვავებული პრობლემები აქვს.

"მანდატური სამსახური უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მისი ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს პრევენცია და არა შსს-სთან მჭიდრო ურთიერთობა. ეს უნდა იყოს ძირითადი ამოსავალი წერტილი - ასეთი კავშირი უნდა არსებობდეს", - განმარტა გახარიამ.

პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლეს ორი მოზარდი. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძეს საავადმყოფოში სამი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ის მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდება ორ არასრულწლოვანს წაუყენეს. ორივე მათგანი დაკავებულია.