საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, დემირელის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება ეწინააღმდეგება კანონსა და თავად ავტორიზაციის საბჭოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. ომბუდსმენმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება, საკითხის სრულყოფილად შესწავლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

"გადაწყვეტილების მიღება შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მოხდა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე და ისეთი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ძირითადად ეყრდნობა ექსპერტთა მითითებას. გარდა ამისა, საბჭოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დაწესებულების მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას თანდართული დოკუმენტაცია.

"ხშირ შემთხვევაში, ბუნდოვანია, ავტორიზაციის რომელი სტანდარტის დარღვევად განიხილავს საბჭო შესაბამის ფაქტობრივ გარემოებას მაშინ, როცა ავტორიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების საზომი თითოეული სტანდარტის ცალ-ცალკე დაკმაყოფილებაა", - განმარტავს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის მითითებით, არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლა-შეფასებას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას საბჭოს პირდაპირ ავალდებულებს როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება.

სახალხო დამცველის შეფასებით, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედებების ჩადენაც კი ვერ გახდება დაწესებულებისთვის ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ავტორიზაციის მიზანია სკოლის ინსტიტუციური შეფასებაა და არა სადამსჯელო მექანიზმი.

2017 წლის აგვისტოში ბათუმში არსებული შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ, ფეთულა გიულენთან დაკავშირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის კიდევ ერთი სკოლა, დემირელის კერძო კოლეჯი დაიხურა. ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ ერთხმად მიიღო.