საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია განცხადებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ათი დღით შეჩერებულია.

„სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს“განცხადებაში მითითებული იყო 1830 წევრის და 357 დამფუძნებლის მონაცემები.

რეესტრის ცნობით, სიის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ წევრთა რაოდენობა შეადგენდა 1827 ადამიანს. სიების შედარებისას გამოირიცხნენ ის პირები, რომელებიც დამფუძნებლებშიც იყვნენ და წევრებშიც:

"სულ დადგინდა 1848 ადამიანი, რომელთაგან 636-ის სრულყოფილად შედგენილი, 1212-ის კი ხარვეზიანი მონაცემი აღმოჩნდა".

რეესტრი აცხადებს, რომ სიაში შეყვანილია 1 გარდაცვლილი, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე და 11 არასრულწლოვანი პირი.

1000 წევრამდე სიის შესავსებად პოლიტიკურ გაერთიანებას 364 წევრის სრულყოფილი, სწორი მონაცემი აკლია.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია მონაცემებით.