თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კინოსთვის 2017 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი აღმოჩნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი კინოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ქართული ფილმის, ჩემი ბედნიერი ოჯახი, დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა ნეტფლიქსმა შეიძინა.

კომპანიის ხელმომწერი მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის 70 მილიონზე მეტი აბონენტია, რომლეთაც შეუზღუდავი წვდომა აქვთ ნეტფლიქსის კონტენტზე, რომელიც მოიცავს ასობით კინოს და ტელეშოუს, რომელთა სია მუდმივად განახლებადია. გარდა სხვა კომპანიების ვიდეო-პროდუქციის დისტრიბუციისა, Netflix-მა რამდენიმე წელია დაიწყო საკუთარი ვიდეო-წარმოებაც, რომლის შოუებმაც მნიშვნელოვანი აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა. მათ შორისაა სერიალები Orange Is The New Black, Narcos, House of Cards, Stranger Things, Sense8, Mindhunter, Black Mirror, The Crown, Grace and Frankie და მრავალი სხვა.

გარდა კომპიუტერში ვებ-ბრაუზერით ყურებისა, Netflix ხელმისაწვდომია თითქმის ყველა გავრცელებულ მოწყობილობასა და პლატფორმაზე. სერვისის აპლიკაციები არსებობს სმარტფონებისთვის, Smart TV-ების უმეტესობაზე, სათამაშო კონსოლებზე Xbox, Playstation და ტელევიზორის STB მოწყობილობებზე Apple TV, Android TV, Google Chromecast.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ არხი უკვე საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი.

მოკლედ რომ ვთქვათ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი კარგ ხელში ჩავარდა და ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული გახდება.

ფილმის დისტრიბუციის უფლების გაყიდვამ თავისი პირველი შედეგი უკვე გამოიღო და ჩემი ბედნიერი ოჯახი იმ რამდენიმე ფილმს შორის მოექცა, რომელთაც Rotten Tomatoes-ზე უმაღლესი შეფასება 100% აქვთ.

შეფასებების დროს დატოვებულ კომენტარებში კი მომხმარებელთა სრული უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ნანასა და სიმონის ქართული ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია რაც ბოლო დროს უნახავთ.

კიდევ ერთი წარმატება, რომელიც ფილმის ტიტულებს შეიძლება მივანიჭოთ როჯოერ ებერტის საიტზე გამოქვეყნებული ჩემი ბედნიერი ოჯახის რევიუა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ როჯერ ებერტი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სახელოვანი კრიტიკოსი, ისტორიკოსი, სცენარისტი და მწერალია, რომელიც საკუთარ ნაშრომებს Chicago Sun-Times-ში აქვეყნებდა და იყო პირველი კინოკრიტიკოსი რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს.

როჯერ ებერტი

როჯერ ებერტი

მიუხედავად იმისა, რომ ებერტი 2013 წელს გარდაიცვალა, მისმა საიტმა მუშაობა აქტიურად განაგრძო და იქ ეტაპობრივად ქვეყნდება რეცენზიები სხვადასხვა ფილმებზე, რომლებსაც ხარისხის მიხედვით ვარსკვლავებსაც ანიჭებენ.

ნანასა და სიმონის ფილმმა ებერტის საიტზე უმაღლესი 4 ვარსკვლავი დაიმსახურა. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანდრეი ზვიგინცევის ფილმმა Loveless აღნიშნულ საიტზე მხოლოდ 3.5 ვარსკვლავი დაიმსახურა, ვუდი ალენის Wonder Wheel-მა 1.5, გილერმო დელ ტოროს The Shape of Water-მა 2.5, საქვეყნოდ აღიარებულმა Lady Bird-მა 3.5, კანის კინოფესტივალის წლევანდელმა ოქროს პალმის რტოს მფლობელმა The Square-მ კი მხოლოდ 1.5 და ა.შ.

რეცენზიის ავტორი კი აღნიშნავს, რომ ფილმი ნამდვილად იმსახურებს წლის ერთ-ერთი საუკეთესი ფილმის სტატუსს და მეტიც, ის ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ფილმებს შორის რომელშიც მთავარ როლს ქალი მსახიობები ასრულებენ.

კრიტიკოსი მეთ ფაგერჰოლმი კინოს მოყვარულებს ურჩევს, რომ აუცილებლად ნახონ ახალი ქართული ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი.

გაიგეთ მეტი: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი