ციანიდის საქმე სააპელაციო სასამართლოშიც დახურულ სხდომებზე განიხილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

დახურული სხდომა ნიშნავს, რომ საქმეში მონაწილე პირების, ან მათი წარმომადგენლების გარდა სხდომებს ვერავინ დაესწრება. გარდა ამისა, მედიისთვის კვლავ უცნობი იქნება განხილვისას დაყენებული შუამდგომლობები და მტკიცებულებები. ამ პირობებში მიმდინარეობდა საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.

დღესვე, 6 დეკემბერს, როცა სააპელაციო სასამართლომ ციანიდის საქმის განხილვა დაიწყო, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამით მან პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა და უსამართლო უწოდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებს როგორც დაცვის მხარე, ისე პროკურატურა. ადვოკატები პირველი ინსტანციის განაჩენს არ იზიარებენ დეკანოზის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენს მოტივის ნაწილში ასაჩივრებს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მკვლელობის მომზადებისას შურისძიების მოტივთან ერთად, გიორგი მამალაძეს ამოძრავებდა ანგარების მოტივი.