დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სააპელაციო სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა და მას უსამართლო უწოდა.

სხდომაზე პროკურატურამ სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ პროცესის მონაწილეებსა და მართლმსაჯულების ინტერესებს მიადგეს საფრთხე, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი დაეკარგება ყველა ლეგიტიმურ გადაწყვეტილებას.

დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, მათ შორის ისინი სასამართლო პროცესის საჯაროობას მოითხოვენ:

"თითოეული [შუამდგომლობა] ერთმანეთზე მნიშვნელოვანია. არის ის, რომ სახალხო დამცველის დასკვნა დაერთოს სააპელაციო სასამართლოს. ასევე, ერთ-ერთი მოწმე, რომ განმეორებით დაიკითხოს. დღევანდელი სასამართლოს პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი ის უნდა იყოს, რომ თქვენ შეგეძლებათ დასწრების უფლება მოიპოვოთ".

ე.წ. ციანიდის საქმე სააპელაციო სასამართლოში

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ასაჩვრებს როგორც დაცვის მხარე, ისე პროკურატურა. ადვოკატები პირველი ინსტანციის განაჩენს არ იზიარებენ დეკანოზის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვენ.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის განაჩენს მოტივის ნაწილში ასაჩივრებს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ მკვლელობის მომზადებისას შურისძიების მოტივთან ერთად, გიორგი მამალაძეს ამოძრავებდა ანგარების მოტივი.

თავდაპირველად გიორგი მამალაძეს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 18,109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით) და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა).

თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებაში, სსკ-ის 18,108-ე მუხლით.

საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.