საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათი გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, ოპერატორი ზაზა შუკვანი და ჩართვის ტექნიკოსი ლევან გულბანი კიევში არ შეუშვეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი აცხადებს, გასაუბრების შემდეგ მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს:

"წაიღეს პასპორტები, მიზეზი არ ვიცით, რატომ არ შეგვიშვეს. უბრალოდ გვითხრეს – უარიაო. დოკუმენტებზე ხელი არ მოგვიწერია, რომელიც უკრაინულადაა შედგენილი და ჩვენთვის გაუგებარია. ვითხოვეთ განმარტება, მაგრამ უარი განგვიცხადეს. როცა ჩავფრინდით, მე და ოპერატორი გაგვატარეს, ჩართვის ინჟინერი კი შეაყოვნეს, შემდეგ კი დაგვირეკეს და ჩვენც შეგვაბრუნეს. რამდენიმე წუთში თბილისში გამოვფრინდებით", – აცხადებს პირველი არხის ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი.

კიევის გუშინდელ მოვლენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი ადგილიდან აშუქებდა. ის უკრაინაში რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის მარშის გასაშუქებლად გაემგზავრა.

გუშინ საღამოს, 5 დეკემბერს, რუსთავი 2-სა და ტვ პირველის გადამღები ჯგუფები უკრაინის საზღვარზე არ შეუშვეს. ისინი კიევში მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად მიემგზავრებოდნენ.