რუსთავი 2-სა და ტვ პირველის გადამღები ჯგუფები უკრაინის საზღვარზე არ შეუშვეს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტები იუწყებიან კიევის ბორისპოლის აეროპორტიდან.

რუსთავი 2-ის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ამბობს, ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა:

"გამიყვანეს ოთახში, კარი დაკეტეს, გამაფრთხილეს, რომ კამერა ყველაფერს იღებს, ბლანკები მოიტანეს და საკმაოდ ბევრი შეკითხვა დამისვეს, რის შემდეგაც მკითხეს, რა ურთიერთობა მაქვს მიხეილ სააკაშვილთან. ვუთხარი, რომ ჩვეულებრივ ვაშუქებთ ყველაფერს, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. მკითხეს, ჩავწერ თუ არა მასთან ინტერვიუს, რაზეც ვუთხარი, რომ არა მხოლოდ ამას ჩავწერ, არამედ თუ საშუალება მომეცა, იულია ტიმოშენკოსაც, პეტრო პოროშენკოსაც".

ტვ პირველის წამყვანი, ვახო სანაია, რომელიც ასევე კიევში 5 დეკემბრის მოვლენების გასაშუქებლად გაემგზავრა, აცხადებს რომ საზღვარზე არ შეუშვეს. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში ტელეკომპანია იმედის გადამღები ჯგუფი შეუშვეს:

"ბორისპოლის აეროპორტში ორი საათის წინ ჩამოვედი და ახლა მიწევს დაუგეგმავად უკან წამოსვლა. საქმე ისაა, რომ ადგილობრივმა სამსახურმა, რომელმაც შეგვაყოვნა საზღავრზე გადაწყვიტა რომ არ შევეშვით საზღვარზე. მიზეზი ბოლომდე გაურკვეველი დარჩა. მათ შაბლონური პასუხი გაგვცეს, რომ ქვეყანაში შესვლის მიზანი დაუსაბუთებელი იყო ჩვენი მხრიდან. არადა ჩვენ მივდიოდით ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობისთის. ჯერ იყო გასაუბრება, შემდეგ ჩვენი პასპორტი ამდ როს ჩამორთმეული იყო. ის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა წაიღო და შემდეგ მივიღე სტანდარტული პასუხები".

On.ge ცდილობს დაუკავშირდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკითხის გასარკვევათ. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დღეს, 5 დეკემბერს, კიევში საკუთარ ბინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, დაკავებული მიხეილ სააკაშვილი თავისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ბლოკირებული მანქანიდან გადმოიყვანეს.

დილიდან გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

იუკრაინის გენპროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, სააკაშვილს ბრალი ედება მძიმე დანაშაულში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ლუცენკოს განმარტებით, სააკაშვილის საპროტესტო აქციების მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო და მისი გუნდი ფინანსებოდა იანუკოვიჩის წარმომადგენლების მიერ. უკრაინელი სამართალდამცავების ცნობით, ექს-გუბერნატორდს ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გადასცა რუსულმა მხარემ.