თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მეოთხე, 21 წლამდე ბრალდებულს გირაო, ხოლო ერთ არასრულწლოვანს მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგიზ კალანდიას ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. აქედან გამომდინარე, ადვოკატმა მოითხოვა მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება -გირაოს შეფარდება, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი სულ ხუთ პირს აქვს წაყენებული. ყველა მათგანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) წარედგინა.

"ერთი მათგანი არის 17 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მის დაკავებას, ხოლო მეორე პირი არის 21 წლამდე, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია მისი მამა", - ნათქვამია 4 დეკემბერს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლეს ორი მოზარდი.

ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძეს საავადმყოფოში სამი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ის მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდება ორ არასრულწლოვანს წაუყენეს. ორივე მათგანი დაკავებულია.