ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, House of Cards-ის ფინალური, მეექვსე სეზონი კევინ სპეისის გარეშე გაგრძელდება, მთავარი აქცენტი კი კლერ ანდერვუდის პერსონაჟზე გაკეთდება, რომლის როლსაც მსახიობი რობინ რაითი ასრულებს.

როგორც Netflix-ში ამბობენ ახალი სეზონის გადაღებები 2018 წელს დაიწყება და მასში მხოლოდ 8 ეპიზოდი იქნება.

მას შემდეგ რაც კევინ სპეისი ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მსახიობის გარშემო ყოველ დღე ახალ-ახალ ამბავს ვიგებთ.

ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ House of Cards-ში სპეისის ჩანაცვლებას კევინ ჯეიმსით აპირებდნენ.

ამ თემას მალევე გამოეხმაურა მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი, რომელმაც თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მთელი სერიალი ახლა რობინ რაითზე გადაეწყობა და შოუს მთავარ პერსონაჟადაც კლერ ანდერვუდი მოგვევლინება.

შეგახსენებთ, რომ სპეისის სკანდალის შემდეგ, საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობდნენ, რომ დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც კევინ სპეისის საპატიო ემის გადასცემდნენ, აღარ გაიმართება.

სპეისის პრეს-აგენტმა კი New York Times-ს მისწერა, "კევინ სპეისის სჭირდება დრო სიტუაციის შესაფასებლად და სამკურნალოდ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის."

ცნობილი გახდა ისიც, რომ კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში House of Cards-ის რვა თანამშრომელმა და ორმა სხვა პირმა დაადანაშაულა. მას დაუხურეს სალექციო კურსი, მიატოვა აგენტმა და CAA-დანაც გამოუშვეს. გუშინ კი ბანქოს სახლის ახალი პრომო პოსტერი გავრცელდა, სადაც კევინ სპეისის პერსონაჟი ამოშალეს. ახალ ფოტოზე მხოლოდ რობინ რაითის პერსონაჟი, კლერ ანდერვუდია გამოსახული.

გაიგეთ მეტი: კევინ სპეისის საქმე.