საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია. მინისტრის კომენტარს შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

დაახლოებით ორი საათის წინ, პირველ დეკემბერს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელსაც დღეს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა, პოლიციას ჩაბარდა. საქმეზე მკვლელობაში ბრალდებულის სახით დაკავებულია კიდევ ერთი არასრულწლოვანი.

დღეს, 4 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს. მათ დანაშაულის დაფარვისთვის ედებათ ბრალი. უწყების თქმით, დაკავებულებიდან ორი ძებნაში მყოფ არასრულწლოვანს მიმალვაში დაეხმარა.

პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად მოკლეს ორი მოზარდი. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დავით სარალიძეს საავადმყოფოში სამი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა ის მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.