ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ 21–22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში აშშ-მ საქართველოს დახმარება გაუწია:

"ჩვენ ქართულ მხარეს გამოძიების ტექნიკურ ასპექტებში დავეხმარეთ და ამისთვის მოხარულები ვარ. გამოძიების ფედერალური ბიურო ქართველ სამართალდამცავებს დანაშაულის ადგილის შესწავლაში დაეხმარა. ამ წუთას ჩვენ მოსმენის რეჟიმში ვართ. ვცდილობთ გავიგოთ, რა იყო ამ ჯგუფის განზრახვა. ეს საერთაშორისო საკითხია, რაც გავლენას ახდენს საერთაშორისო ტერორისტების ქმედებებზე. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის", – განუცხადა იან კელიმ ქართველ ჟურნალისტებს.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი.

სპეცოპერაციის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებული იყო მოსახლეობა, სკოლასა და სამ ბაღში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. სპეცოპერაციის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი და გარემოება ამ დრომდე უცნობია.