თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაიწყო. მერიის განცხადებით, სამონტაჟო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე შუაღამიდან დილის 7 საათამდე, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

განახლებული ილუმინაციები იქნება რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.

"საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ", - განაცხადა თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.

თბილისის მერიის განცხადებით, გარეუბნებში ის სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

მერიის ცნობით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

2017-2018 წლის საახალწლო ილუმინაციებისთვის სამი მლნ ლარი დაიხარჯა. მერიამ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა საახალწლო ილუმინაციები და აქსესუარები.

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია

ფოტო: თბილისის მერია