უზენაესმა სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილეთათვის მორალური კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

განჩინებაში წერია:

"მართალია, აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისგან".

განჩინება ჯერ საქალაქო სასამართლომ მიიღო 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ეს განჩინება ძალაში დატოვა.