ევროპაში აშშ-ის სარდლობის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების Jackal Stone-ის მომზადების პროცესის ფარგლებში განხორციელდა, მისი მიზანი კი სწავლებაში ჩართული უწყებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები და მომავალი ღონისძიებების დაგეგმვაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა ჩამოსული საქართველოში. მათი ამოცანაა, საბოლოოდ შეამოწმონ თუ რამდენად სწორად და დროულად მიმდინარეობს საერთაშორისო უწყებათაშორისი სწავლების მომზადება. სწავლებაში ჩართულია როგორც ამერიკული, ასევე ქართული მხარის სხვადასხვა უწყებები. ეს სწავლება კარგი ტესტი იქნება იმის გასარკვევად, რამდენად ეფექტიანია ჩვენი კრიზისების მართვის სისტემა და რა იქნება გასაუმჯობესებელი ამ სისტემის გამართული მუშაობისთვის“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

Jackal Stones-ის სწავლების ჩატარება აგვისტოში იგეგმება. სწავლებაში მონაწილეობას აშშ-ის ევროპული სარდლობისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. ქართული მხრიდან კი შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 130 წარმომადგენელი იქნება ჩართული წვრთნებში.

სწავლების სცენარი ანტიტერორისტული და საპოლიციო ოპერაციების ჩატარებას მოიცავს. წვრთნებში აქტიურად გამოიყენებენ სატრანსპორტო და სადაზვერვო ავიაციის ელემენტებს.